კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისი ზუგდიდში

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა

პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა. ღონისძიება კვირას, 26 დეკემბერს შედგა, რა დროსაც პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.  პარტიის ლიდერები ზუგდიდში აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის  პარტიული შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აღნიშნული რაიონების შტაბები სრულფასოვან მუშაობას 15 იანვრიდან შეუდგებიან. ოფისები შერჩეულია და მათი დაკომპლექტება მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერები და წევრები, ზუგდიდში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარსაც ეწვივნენ, რომელიც წლებია შენდება. მათ აქ დაბრძანებულ სიწმინდეებს პატივი მიაგეს. წელს ტაძარში საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკრაინიდან 500-მდე სიწმინდე ჩამოაბრძანეს, მათ შორის არის იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი აცვეს ჯვარს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი  – გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.