„კონსერვატიული მოძრაობა“ ზუგდიდში პარტიის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შეხვდა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერები დღეს ზუგდიდის ოფისის ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სამომავლო გეგმები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „ალტ-ინფოს“ ჯგუფი რეგიონის მასშტაბით საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელებს  ხვდება.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ შეხვედრები უკვე გამართა აბაშის, ხობისა და წალენჯიხის ოფისების ადმინისტრაციული ჯგუფების წევრებთან.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.