კონსერვატიული მოძრაობა

„ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა

20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. სადამფუძნებლო ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შედგა.

ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა იქნება. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.

პარტიის მიზანს კონსერვატიული იდეების გავრცელება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია გათვლა ცნობად სახეებზე, ადამიანებზე, რომლებიც ყველგან, ყველა კონფიგურაციით იყვნენ და ყველაფერი სცადეს. ამ პარტიას ვაფუძნებთ თქვენი იმედით, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, იდეური თანამებრძოლების იმედით. „კონსერვატიული მოძრაობა“ იქნება მართლაც ხალხის პარტია, იქნება ხალხის ხმა, იქნება გამონაკლისი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაუკავშირებს არა რომელიმე გარე ქვეყნის საელჩოდან წამოსულ დირექტივებს, არამედ ქართველი ერის ნებას. „კონსერვატიული მოძრაობა“ იდგება თქვენს მხრებზე,“- განაცხადა ზურაბ მახარაძემ პარტიის ყრილობაზე.